სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი ”ჰეროინი” ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის “ვახტანგისის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ​ე. მ. დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას  შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები