ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

“ვფიქრობ, საპრეზიდენტო ვიზიტი განიხილება, მაგრამ საკითხია – რამდენად სწრაფად იქნება ეს შესაძლებელი”,- განაცხადა CNN-თან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა, ჯო ბაიდენის უკრაინაში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით.

კვირას კიევში კონგრესის დელეგაციის წევრებსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლიდიმერ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. ადამ შიფმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

შიფმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო მის პრიორიტეტებზე შემდგომი დახმარებისთვის, განსაკუთრებით ომის ახალი ფაზის განმავლობაში.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტს გადასცეს და გასცეს რეკომენდაციები.

“ჩვენ გვინდოდა მასთან ერთად გვემსჯელა, ამ მართლაც დიდი თანხის ფარგლებში [ 33 მილიარდი დოლარი, რომელსაც ბაიდენი კონგრესს სთხოვს] რა არის პრიორიტეტული იმ თვალსაზრისით, თუ რა იარაღი ესაჭიროება მას და რა სხვა დახმარება სჭირდება”, – განაცხადა შიფმა.

მსგავსი თემები