შანიძის სახლ-მუზეუმი განადგურებას გადაურჩა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გურიის სერის ჩრდილოეთით, მდინარე ხევისწყლის ხეობაში მდებარე სოფელ ნოღაში არსებული, ქართველი ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი რეაბილიტირებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას სოფელს ნოღას ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შანიძის სახლ-მუზეუმს აღდგენითი სამუშაოები, სამტრედიის მაჟორიტარ დეპუტატის, გრიგოლ მიქელაძის მონდომებითა და დაფინანსებით ჩაუტარდა. მანამდე შენობის რეაბილიტაციისთვის გაიხსნა ანგარიში, თუმცა სულ 140 ლარი შეგროვდა, რაც სამუშაოების დასაფინანსებლად საკმარისი არ იყო. თანხა  ხელუხლებლად დევს ანგარიშზე. არსებობს იდეა, რომ ამ თანხით, მუზეუმის ეზოში, ღამის განათება მოეწყოს, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადგილობრივმა მცხოვრებმა თათია გეგუჩაძემ განუცხადა, რამდენიმე თვის წინათ, შენობის სავალალო მდგომარეობის ამსახველი ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. ამას მოსახლეობის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. 

მისივე ინფორმაციით, აკაკი შანიშის სახლ-მუზეუმი კერძო საკუთრება არ არის, ის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ხის სახლი ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. დიდი ხანია აღარავინ უვლიდა. თუმცა წლების წინ, როცა მასში მუზეუმი ფუნქციონირებდა, სოფლის მასწავლებელი, ქართული ენის სპეციალისტი, ნათელა ბრეგაძე პატრონობდა.

თათია გეგუჩაძის ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. სამტრედიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გრიგოლ მიქელაძემ გადაწყვიტა თავისი სახსრებით დაეფინანსებინა შენობის აღდგენის სამუშაოები. პარალელურად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც 140 ლარი შეგროვდა.

“მუზეუმის დასათვალიერებლად ხშირად მოდიან სკოლებიდან ექსკურსიები.
აკაკი შანიძის მშობლიური სახლის სამუზეუმო ექსპონატები, რომ არ დაკარგულიყო, ნაწილი, ენათმეცნიერის შთამომავლებმა წაიღეს. ნაწილი კი, როგორც ვიცი, იქვე მდებარე სკოლაში ინახება. იმედია რესტავრაციის შემდეგ ექსპონატებიც თავის ძველ ადგილს დაუბრუნდება და სახლიც მუზეუმს დაემსგავსება. აკაკი შანიძის შთამომავლებიც დაგვპიდრნენ, სახლის რესტავრაციის შემთხვევაში მის ნაქონ სხვა ნივთებსაც გადმოგცემთო. იმედია მალე მოხდება ეს ყველაფერი. ჯერჯერობით მუზეუმს, მხოლოდ რემონტი ჩაუტარდა”,  – აცხადებს თათია გეგუჩაძე.      

მსგავსი თემები