საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და შევსებული კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა, – ამის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს, კითხვარის პირველი ნაწილის შევსებაზე გაწეული ძალისხმევისთვის.

პრემიერ მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კითხვარის პირველი ნაწილის მსგავსად მეორე,  ნაწილიც გასაჯაროვდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, განაგრძონ აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც, რათა ისიც, პირველი ნაწილის მსგავსად, ეფექტიანად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეივსოს.

შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

მსგავსი თემები