„დაცულია კერძო საკუთრება, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი და განადგურებული“ – ბიძინა ივანიშვილი

 

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი – კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. არ არსებობს ელიტარული კორუფცია და მონოპოლიზებული სფეროები.

„ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არამედ, ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული, ცხადია, არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია ადამიანის, როგორც მთავარ ღირებულებებზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამის თვალსაჩინო მაგალითს საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი – კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი, ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიზნესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ასეთი თავისუფალი და დაცულია ბიზნესი არასდროს ყოფილა.

“დღეს, ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი.  ქვეყანაში დოვლათის შექმნის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში არსებული არასტაბილურობის და რყევების მიუხედავად საქართველო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო, ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, რეგიონში ლიდერობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები