,,ვაქცინაცია საჭიროა და საჭირო იქნება მომავალშიც”- გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„ვირუსის ცვალებადობა მუდმივად მიმდინარეობს, ვირუსი ცდილობს გაექცეს არსებულ ვითარებას. რა თქმა უნდა, იქნება ვირუსის ახალი ვარიანტებიც. იქნება კომბინირებული ვარიანტებიც, როგორიც იყო „დელტაკრონი“. რაც დღეს მოსახლეობას იცავს, ეს არის ვაქცინაცია“ – აღნიშნა იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან“ და აცრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც იმუნოლოგი ამბობს, ვაქცინა ერთადერთი დაცვაა, ვირუსის მსუბუქად მიმდინარეობის.

„რაღაც მომენტში, შესაძლოა, ვირუსმა არსებული ბარიერი დაძლიოს და ახალი შტამის სახეობით მოგვევლინოს, თუმცა, შეგვიძლია, კვლევებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ ის იქნება ძალიან მსუბუქი ვარიანტი. შესაძლოა ისეთ რესპირატორულ ინფექციადაც გადაიქცეს, რომელთანაც ყოველწლიურად გვაქვს შეხება. დღეს რითიც ვართ დაცული, ეს არის გადატანილი ინფექციით და ვაქცინით შექმნილი იმუნიტეტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ადამიანს არ აქვს ის დაცვითი ანტისხეულები, რაც საჭიროა. შესაბამისად, ვაქცინა აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ იმუნიტეტი. თუ ინფექცია ბუნებრივად არ არის გადატანილი, მაშინ, ჩვენ ხელოვნურად ვქმნით ამ დაცვას. სწორედ ამისთვისაა საჭირო ვაქცინაცია. ის საჭირო იქნება მომავალშიც. არსებული ვაქცინები არ არის 100%-იანი დაცვა, თუმცა, მნიშვნელოვანია დაავადების მსუბუქად მიმდინარეობა“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები