„კლინიკებში პაციენტების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ“ – მინისტრს ეჭვი აქვს, რომ კორონავირუსისთვის გამოყოფილი თანხები გაიფლანგა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შემოწმების შედეგად დასტურდება, რომ კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, პროტოკოლის დამრღვევი კოვიდკლინიკების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა სამინისტროს საერთო სურათი ექნება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

„ ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკებში დატვირთულობას. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქ არის მკაცრი მიღების კრიტერიუმები, რა კრიტერიუმის მიხედვითაც უნდა მიეღო კლინიკას პაციენტი და ასევე არის გაწერის კრიტერიუმებიც. სამწუხაროდ, არცერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც აქტიურად დაიცვეს პაციენტების და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ისინი ინდივიდუალურად, თითოეულ კლინიკაში უყურებდნენ მიღებისა და გაწერის კრიტერიუმებს. ზუსტად ეს იყო იმის საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო კლინიკებში.

მობილიზებული იყო 9200 საწოლი, რომლის საჭიროებაც არ იყო. პირველივე კვირაში, იანვარში გავაუქმე 1700 საწოლი, მაშინაც იყო ბევრი პრეტენზია და ტელევიზიებთან საჩივრები, თითქოს ქვეყანა არასწორად აკეთებდა რამეს. ახლა ვხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ სწორი იყო. თან ვსაუბრობთ 1700 საწოლზე, რომელიც ცარიელი იყო და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ისე ცოტას. კლინიკებში დატვირთულობა საშუალოდ 60% იყო, 40 %-ში კი, სახელმწიფო ცარიელ საწოლებში იხდიდა თანხას”- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები