შალვა პაპუაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას  შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ნატოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის.

ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი.

ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, ნატო გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას.

მსგავსი თემები