,,ვინც ომში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ მტერია ამ ქვეყნის”- დიმიტრი ხუნდაძე

,,როგორც რუსეთი არ წყვეტს აღდგომის დღეებში უდანაშაულო უკრაინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ისე არ წყვეტს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკუთარ სახელმწიფოზე შეტევას – თუ ვინმეს გგონიათ, რომ ეს ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახორციელებთ, არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ცდებით, ”- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი შეფასებით, ოპოზიცია სახელმწიფოს შენებისა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში ჩართვის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

„თქვენც კარგად იცით, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, საქართველო მაინც მიდის წინ. მიუხედავად მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიისა, ქართული ეკონომიკა ნელ-ნელა ფეხზე დგება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში არის ორჯერ შემცირებული, თუმცა, თუ ოპოზიციურ ტელევიზიებს მოვუსმენთ, ქვეყანაში არის მასობრივი შიმშილი. თუმცა, უფრო მეტი უნდა შევძლოთ. რეგიონში, პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. ამ ომში ჩათრევის არაერთი მცდელობაა დღესაც და ალბათ, განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, როცა არესტოვიჩი აკეთებს განცხადებას, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომის დაწყებას შეძლებდა, რასაც ვერ შეძლებს დღევანდელი ხელისუფლება. და კითხვას, როცა ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები სვამენ, თუ რატომ ვუწოდებთ მათ „ომის პარტიას“, ალბათ ეს მიდგომაც ამართლებს. „ომის პარტიას“ არქმევს თქვენივე ქმედება და ის მოლოდინი და გულისწყვეტა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში. თუმცა, ეს არის სწორედ 2012 წლის საზოგადოების ყველაზე დიდი დამსახურება, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის მსხვერპლი და რამდენად გამანადგურებელი იქნებოდა ეს ჩვენთვის, ისედაც უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყნისთვის? ომის დაწყება იოლია, დამთავრება რთული და შედეგები შესაძლოა, უმძიმესიც ყოფილიყო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებსაც. მისი შეფასებით, ის, ვინც დღეს საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებს, ქვეყნის მტერია.

„ჩემი ოპოზიციონერი კოლეგა ამბობს, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ჩირგვებში ზის. ეუთოში, გაეროში, ევროსაბჭოში, თუ ასეთ პრინციპულ პოზიციას ჩირგვებში ჯდომას უწოდებთ, არ ვიცი, ამის იქით რა რჩება. ალბათ რჩება ის, რომ ომი უნდა დავიწყოთ და ამაში ხედავთ ხელისუფლების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. დღეს ვინც ომში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ მტერია ამ ქვეყნის. მიუხედავად ბევრი უსაფუძვლო ბრალდებებისა, საქართველო ევროკავშირში შესასვლელად რეალურ ნაბიჯებს დგამს, რთულია დღეს მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია, მაგრამ ამ სირთულეში საქართველო მაინც წინ მიიწევს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვახორციელებთ რეალურ რეფორმებს. მაგალითად, სასამართლო რეფორმა, რომელსაც კრიტიკას არ აკლებს ჩვენი ოპოზიცია და ზოგჯერ, ეს კრიტიკა საფუძვლიანია. მაგრამ, ხშირად არაობიექტური. აბა, ხალხს ჰკითხეთ, რა იყო მანამდე და როგორია დღეს სასამართლო? სიტყვის თავისუფლების რა ხარისხი იყო მაშინ და არ არის დღეს. თუმცა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის თქმის უფლებას. შედარებაც არ შეიძლება პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით. აღარ ვსაუბრობ ჯანდაცვაზე. ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით სიცოცხლის უფლება მივეცით ადამიანების, სიცოცხლე დავუბრუნეთ რეგიონებს, მაღალმთიან დასახლებებს, არ არსებობს ქალაქი, სოფელი, რაიონი, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდებოდეს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სერიოზული პრობლემებისა, ბევრია გაკეთებული ჩვენი მმართველობის დროს და ამას ხედავს ხალხი.

დიახ. ჯერ კიდევ გვაქვს უმუშევრობა, გვყავს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, მაგრამ რადგან ქვეყნის განვითარების დინამიკა პოზიტიურია, იმედს ვიტოვებ, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემები თანდათან კიდევ უფრო მეტად დაიკლებს. და ბოლოს, რას ერჩით ამ ქვეყანას? ნუ გაწირავთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას და მათ უმთავრეს ინტერესებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები