აშშ უკრაინაში 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას აგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ ისაუბრა.

,,დღეს მე ვაცხადებ 800 მილიონიანი სამხედრო დახმარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში ბრძოლისუნარიანობა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ უკრაინას გადავეცით იარაღი და აღჭურვილობა რეკორდულ დროში. გავაგზავნეთ ათასობით ჯავშანსაწინააღმდეგო, ანტისარაეკტო სისტემები, ვერტმფრენები, უპილოტო აპარატები, ყუმბარმტყორცნები, შაშხანები, სარადარო სისტემები. 50 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა. მხოლოდ აშშ-მა უკრაინას გაუგზავნა 10 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინაში მყოფ თითოეულ რუსულ ტანკზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის დროულად გადაცემას და ვეხმარებით რუსული აგრესიისგან თავდაცვაში. ჩვენ ასევე ვეხმარებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უკრაინელები რუსეთის შეტევისთვის მოემზადონ.

„ჩვენ ამ ყველაფერს ვუგზავნით თავისუფლების ბრძოლის ხაზზე მყოფ უშიშარ და გამოცდილ უკრაინელ მებრძლებთან. ჩვენ ახლა უნდა დავაჩქაროთ დახმარების პაკეტის გადაცემა, რომ უკრაინელები მოემზადონ რუსეთის შეტევისთვის, რომელიც იქნება უფრო შემცირებული გეოგრაფიულად, მაგრამ არა სისასტიკის კუთხით. შემდეგ კვირაში მე კონგრესს გავუგზავნი დახმარების ბიუჯეტის მოთხოვნას, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის შეიარაღების და აღჭურვილობის გადაცემა შეფერხების გარეშე გაგრძელდეს. ასევე, უკრაინელი ხალხისთვის ეკონომიკური დახმარების უზრუნველყოფისთვის. ჩვენი ერთობა სახლში და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელებთან არის უტყუარი გზავნილი პუტინის მიმართ, რომ არ ექნება წარმატება უკრაინის ოკუპაციაში. ეს არ მოხდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები