„ევროკავშირი  ყველაფერს გააკეთებს უკრაინისთვის, რადგან სურთ, უკრაინამ გაიმარჯვოს“ – შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. როგორც მიშელმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, რომ უკრაინა ფეხზე დად გეს და ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

„გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეას. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რათა მოვახდინოთ ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება და უკრაინას მიეცეს შესაძლებლობა, დაფაროს სოციალური ხარჯები და დაიწყოს ქვეყნის აღდგენის პროგრამა. ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება თქვენი ქვეყნის აღდგენის საკითხში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სამხედრო დახმარება“ – განაცხადა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, პირველად ისტორიაში, ევროკავშირმა გადაწყვიტა, მიაწოდოს მცირე სამხედრო აღჭურვილობა და ეს გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან ორ დღეში მიიღეს.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის საკითხს, მიშელმა აღნიშნა: „ რამდენიმე დღეში, უმოკლეს ვადაში მივაწოდეთ ევროკომისიას შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც ჩვეულებრივ ერთი თვე სჭირდება და ევროკომისიის დასკვნა გვექნება ივნისის ბოლოს. ჩემი პასუხისმგებლობა იქნება ამ საკითხის ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დაყენება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური დიალოგი, რათა მივაღწიოთ პროგრესს ამ მიმართულებით“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები