1045 ადამიანიდან 75% ავტომატით ან სნაიპერის ტყვიითაა მოკლული – უკრაინის რეალობა

კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველო რუსი ოკუპანტების მხრიდან უკრაინაში მოკლულთა შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სამმართველოს უფროსი ანდრეი ნებიტოვი აცხადებს, მოკლულია 1045 მშვიდობიანი მოქალაქე.

ოკუპანტებისგან კიევის რეგიონის გათავისუფლებიდან დღემდე, 1045 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი უკვე აღმოაჩინეს, გამოიკვლიეს და სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში გადაასვენეს. მათი 75% ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ან სნაიპერული შაშხანიდან არის მოკლული. დანარჩენები ნაღმებით და საარტილერიო დაბომბვის შედეგად გარდაიცვალნენ“ – აცხადებს ნებიტოვი.

მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი გაცილებით მეტია, რადგანაც ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულია და ახლობლები ეძებენ.

ბოროდიანკაში, ქალაქის საავადმყოფოსთან არის ორი მასობრივი საფლავი, სადაც საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. ერთ საფლავში არის 6 ცხედარი (4 მამაკაცი და 2 ქალი). მათგან ორი იდენტიფიცირებული არ არის. მეორე საფლავში 16 წლის გოგონას ცხედარია, რომელიც მშობლებთან ერთად წასვლას ცდილობდა, მაგრამ ისინი ავტომატით დაცხრილეს. რუსი სამხედროები განზრახ ესროდნენ მოქალაქეებს, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევდნენ და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ“, – აცხადებს ნებიტოვი.

 

მსგავსი თემები