,,ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა’’- ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

ხატია დეკანოიძემ უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო. პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია.

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ წასულა დღის წესრიგიდან. ნებისმიერ ადამიანს, თუ პოლიტიკოსს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, ამის სრული უფლება აქვს. ოპოზიციიდან ყველა ვთანხმდებით, რომ ხელისუფლების ცვლილება არის აუცილებელი’’ – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იმ ძირითად კომპონენტებზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლების ცვლილება იქნება შესაძლებლი.

,, ჩემი წარმოდგენით, ამას სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველი არის ოპოზიციის ძალიან სერიოზული ერთობა. ოპოზიციური ერთობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული გეგმა, როგორ განვითარებას ვხედავთ საქართველოში და როგორი უნდა იყოს ქვეყანა ივანიშვილის შემდგომ, არჩევნების შემდეგ ახალ კოალიციურ ვითარებაში. ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი და იარაღი არის ის, რომ ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, არსებობს ალტერნატივა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში დატოვება შეიძლება, გარკვეულწილად ბერკეტი იყოს, თუ ამაზე საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება.

 

მსგავსი თემები