დიდი წისქვილებიდან მხოლოდ 4 მუშაობს, მცირე წისქვილები გაჩერდა – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოში ხორბლის შემოტანა მინიმუმამდე შემცირდა. არსებულ პირობებში წისქვილკომბინატებს მუშაობა არ უღირთ და ერთმანეთის მიყოლებით იხურებიან. აღნიშნულ საკითხზე „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„დიდი წისქვილებიდან დაახლოებით 4 მუშაობს, „ბევრილი ჯგუფის“ ორივე წისქვილი გაჩერებულია თბილისში და ფოთშიც, მცირე წისქვილებიც ფაქტობრივად გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრეებზე მუშაობენ. მცირე სიმძლავრეებზე იმიტომ მუშაობენ, რომ მოთხოვნა არის მცირე და მეორე, მუშაობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომლის ამუშავების შემდეგ, აუცილებლად დასჭირდებათ“, – განაცხადა სილაგავამმედიაცენტრ მთავარში“.

ასოციაციის დირექტორი მთავრობას მიმართავს და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას სთავაზობს.

„მსოფლიოში არაორდინალური სიტუაციაა და საჭიროა, სტრატეგიულად უფრო ფართოდ შეხედოს სახელმწიფომ რეალობას.  წისქვილის მუშაობა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, არა მარტო ფქვილის გამოშვებას, ხორბლიდან გამომდინარე, არამედ ქატოს, რომელიც სამწუხაროდ, დღეს საქართველოში დეფიციტური გახდა. ეს ნიშნავს ბიუჯეტში შენატანს, იმიტომ, რომ წისქვილი როცა მუშაობს, თვეში დაახლოებით 5-6 მილიონი შედის“ – განაცხადა ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“.

ხორბლის შემოტანას აზრს  ის საბაჟო გადასახადი უკარგავს, რომელიც არსებობს. ფქვილზე კი გადასახადი 0-ია. შესაბამისად, ხორბლის იმპორტიორები თანაბარ პირობებს ითხოვენ, რომ ქვეყანაში ხორბლის შემოტანა ღირდეს.

მსგავსი თემები