ამ ეტაპზე, ჯო ბაიდენი კიევში ვიზიტს არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ვიზიტს არ გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტი წასვლას არ გეგმავს, ნება მიბოძეთ, უბრალოდ დავადასტურო ეს“, – განაცხდა თეთრი სახლის წარმომადგენელმა მედიასთან.

ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ ვინმე აშშ-ის ადმინისტრაციიდან გაემგზავრება უკრაინაში, უსაფრთხოების მიზნით არ გასაჯაროვდება წინასწარ, ვინ იქნება ეს პირი  და როდის შედგება ვიზიტი. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კიევში აშშ-ის საელჩოს მუშაობა, შესაძლოა განახლდეს, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

„უპირობოდ, ეს არის ჩვენი მიზანი. აშკარაა, რომ ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ფსაკიმ.

გასულ კვირას, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში წასასვლელად მზად არის. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ განიხილება უკრაინაში მაღალი რანგის ჩინოსნის გაგზავნა, შესაძლოა, ეს იყოს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

მსგავსი თემები