დედაქალაქის მერის საკანონმდებლო ინიციატივა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულების, 2023 წლის იანვრამდე გადავადებას გულისხმობს.

„როგორც ჩანს, სამშენებლო რეფორმის გარკვეული დეტალები ვერ გაითავისა სამშენებლო სექტორმა, რის გამოც, დაიწერა ძალიან ბევრი ჯარიმა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო არა მშენებლების დაჯარიმება, არამედ სფეროს მოწესრიგება. შესაბამისად, ვიდრე ნორმის სრულფასოვანი შესრულების ეტაპზე გადავალთ, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ ინიციატივა, რათა მოხდეს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულების გადავადება წლის ბოლომდე, ხოლო იმ პირებს, ვინც პირობების შეუსრულებლობის გამო უკვე დაჯარიმდნენ, ჯარიმები ჩამოეწეროთ,”- განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება სრულად ამოქმედდება.

„აქვე, მინდა მივმართო მშენებლობის მწარმოებელ პირებს, გაითვალისწინონ, რომ მომავალი წლიდან, საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება სრულად ამოქმედდება და სანებართვო პირობებში გაწერილი ვადების შესაბამისად, მათ მოუწევთ ანგარიშების წარდგენა მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები