,,საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უახლოეს ისტორიაში რუსეთთან სამი ომი აქვს გამოვლილი’’- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებული საომარი მოქმედებები, საქართველოსთვის უცხო არ არის.

„რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას – იქაც აღვნიშნე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი.  შესაბამისად, განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს, თუკი არსებობს რამე პრეტენზიები, სადაც შეიძლება იყოს მინიშნება, თითქოს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ცალკე, გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, გარკვეული ინფორმაცია უკრაინაში დამახინჯებულად მიდის.

„ჩვენი მეგობრებისთვისაც უკრაინაში გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით არის განსაკუთრებული ქვეყანა, რომელშიც ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.  შესაბამისად, გვაქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა, როდესაც ასეთი ტიპის პრეტენზიები შეიძლება გამოითქვას და მით უმეტეს, ამის უკან საფუძველი არ არსებობს.  სამწუხაროდ, რომ ზოგი ინფორმაცია საზოგადოებაშიც, როგორც ჩანს,  უკრაინაშიც, დამახინჯებულად არის მიტანილი. ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ საქართველომ, ხელისუფლებამაც თავისი წვლილი უნდა შეასრულოს პროაქტიული კომუნიკაციით, რომ უკრაინის საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია – როგორ უდგას საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინას გვერდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები