„არ მაინტერესებს, ვინ სად წავიდა, რომელი პროვოკატორი, ვინ რას აკეთებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე ჩვენს ხალს ვესაუბრები განვითარებაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს. არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა,  „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი პროვოკატორი, ვინ რას აკეთებს და აცხადებს. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, ომებმა 90-იან წლებში, მათ შორის, სამოქალაქო ომმა,  აღარ განმეორდება.

„ომის პარტიას“ და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა შემდეგი, რომ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, რომ  ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, ომებმა 90-იან წლებში, მათ შორის, სამოქალაქო ომმა, ეს აღარ განმეორდება, მეგობრებო. ჩვენი მთავრობა არის პასუხისმგებლიანი მთავრობა. მე, პირველ რიგში, პასუხს ვაგებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, თქვენს უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ომის პარტია, მოღალატეების პარტია რას გადაწყვეტს და ვინ სად წავა, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, საპარლამენტო დელეგაცია, სპიკერის, ბატონი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით არის ჩასული უკრაინაში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ისიც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 191 ქვეყანას შორის ვიყავით ნომერ პირველ ადგილზე, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში ამ მოკლე დროში. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ხალხს, ქართველ ხალხს, ამ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის“, –  აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები