​მოსამართლეების 10-კაციანი სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს, იუსტიციის საბჭო კი დაიშალოს – ალექსანდრე ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე საჭიროდ მიიჩნევს, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია პარლამენტმა ჩააგდოს, ხოლო იუსტიციის საბჭო – დაიშალოს.  

როგორც ალექსანდრე ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის 12-დან 15 წლამდე სამუშაო სტაჟი უნდა არსებობდეს, აქედან სააპელაციო სასამართლოში მუშაობის, სულ მცირე 7-წლიანი მუშაობის გამოცდილება.  

მისივე თქმით, მოქმედი კანონით, სააპელაციო სასამართლოში ვერ განწესდება მოსამართლე, თუ მას, პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობის, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება არ აქვს, ასეთი მინიმალური სტაჟი უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს წევრებისთვისაც. ასევე, უნდა გაიწეროს ისიც, თუ როგორ მონაწილეობენ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესში არამოსამართლე  იურისტები.

“იუსტიციის სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც მანამდე მოსამართლე არ ყოფილა, ანუ საზოგადოების წარმომადგენელი. ამ 10-კაციან სიაში ყველა არის სასამართლოს წიაღიდან”, – აცხადებს ალქესანდრე ბარამიძე.  ​

მისივე რეკომენდაციით, გასატარებელია რეფორმები, თუმცა მანამდე, სამი ძირითადი ზომაა მისაღები. უპირველესად, პარლამენტმა უნდა ჩააგდოს ამ სიაში მყოფი თითოეული კანდიდატურა, რადგან ისინი ყოველგვარი სამართლებრივი პროცესის გარეშე, ვიწრო ჯგუფის მიერ, ერთი ხელის მოსმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არიან წარმოდგენილნი, მეორე – იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს და მესამე – გაიწეროს პროცედურა და მოთხოვნები, როგორ უნდა შეირჩნენ უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატურები პარლამენტში წარდგენასთან დაკავშირებით.  

“ამათი გაწვევა შესაძლებელია პარლამენტის რეგლამენტით და საერთო სასამართლოების შესახებ დადგენილი ორგანული წესით. მათი გაწვევის საფუძველი იქნება ის, რომ ისინი არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. კარგი იქნება თუ იმავეს გააკეთებს მოსამართლეთა კორპუსი. ძალიან ბევრი წესიერი მოსამართლეა ამ კორპუსში. მათ შეუძლიათ, 1/5 თუ შეგროვდნენ, მოიწვიონ მოსამართლეთა კონფერენცია და იმ მოსამართლე წევრების გაწვევის საკითხი დააყენონ, რომლებიც იუსტიციის საბჭოში საზოგადოების და მართლმსაჯულების ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. სასამართლო ხელისუფლება უნდა გათავისუფლდეს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის ბატონობისგან. პარლამენტმა, პირველ რიგში უნდა გაიწვიოს ის სამი წევრი – ქადაგიძე, გზირიშვილი და ხარებავა, რომლებიც აშკარა ალიანსში იმყოფებიან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან და რომლებიც ხელს უწევენ ყველაფერზე, რასაც ეს კლანი მათგან ითხოვს”, – აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

მსგავსი თემები