მმართველი გუნდი უკრაინაში ჩასვლას „ომის პარტიასთან“ ერთად არ აპირებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისაღები არ არის, მმართველი გუნდი უკრაინაში „ომის პარტიასთან“ ერთად ჩავიდეს. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში და არა საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ,  როგორც ხალხის, ისე სახელმწიფოს მიმართ და ამ კუთხით არის შალვა პაპუაშვილის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი. მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული საუბარი თავის კოლეგასთან უკრაინაში და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისთვის, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მოცემულობა უკვე შეცვლილია და ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში.

„ ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც მისაღები „ომის პარტიასთან“ ერთად ამ ვიზიტის განხორციელება, მოცემულობა არის უკვე შეცვლილი. ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ყველა დეტალი გადაიხედება ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინაში ვიზიტი კი პარასკევს იგეგმება.

მსგავსი თემები