ვინც დანაშაული 2004 წლის იანვრამდე ჩაიდინა, სს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 87 ხმით, 1 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონს. კანონის მიხედვით, ის პირები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან  გათავისუფლდებიან.

ამნისტია იმ პირებსაც შეეხება, რომლებმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინეს. ამნისტირებული პირები კი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებიან.

ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე, 137-ე – 141-ე, 142-144/3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე – 224-ე, 236-ე – 239-ე, 253-ე – 255/2, 280-ე, 353-ე, 378-ე – 379-ე, 404-ე – 413-ე მუხლებით, აგრეთვე XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

გარდა ამისა, ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ის ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N339 დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ.

კანონის პროექტი გამოქვეყნებიდან მესამე სამუშაო დღეს ამოქმედდება.

 

მსგავსი თემები