ქალის მკვლელობის  22 ფაქტიდან, 11 ოჯახის წევრის მიერ არის ჩადენილი 

,,წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შემთხვევების რაოდენობა.  ასევე, გაზრდილია ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტები“ –  ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი.

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო 11 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. ასევე, გამოვლინდა 31 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 16 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 15 შემთხვევა – სხვა მოტივით“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, კვლავ  დაბალია გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის დროს, სასჯელის დამძიმების შემთხვევები.

,,კვლავ დაბალია ისეთი საქმეების რაოდენობა, სადაც დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით გამოიკვეთა და, შესაბამისად, სასჯელი დამძიმდა. ასევე პრობლემურია ფემიციდის მცდელობის შემთხვევაზე საქართველოს პროკურატურის მიერ გენდერული მოტივის დადგენა, ქმედების ოჯახის წევრის მიმართ და გენდერის ნიშნით ჩადენის გამოვლენა და სპეციალური ნორმით კვალიფიკაცია“  – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

მსგავსი თემები