ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოვლინდეს დანაშაულის დამკვეთი – ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდება. ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულები  უმძიმესი დანაშაულის შემსრულებლები არიან.

„საქმეში რა მტკიცებულებებიც არსებობს, ერთმნიშვნელოვნად იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ორივე ბრალდებული აღმსრულებელია  ამ უმძიმესი დანაშაულის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დადგინდეს, ყველა ის პირი რომელსაც რაიმე ფორმით წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულის ჩადენაში, იქნება ეს ორგანიზატორი თუ წამქეზებელი. რაც ყველაზე მთავარია, გამოვლინდეს ამ დანაშაულის დამკვეთები“ – განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

ცნობისთვის, აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს, განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. დანაშაულს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს.

22 წლის ნიკა კვარაცხელია თბილისში, 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.

 

მსგავსი თემები