ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი მიიღო

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სანქციების მიზანია, რუსეთის ჯარების უგუნური, არაჰუმანური და აგრესიული ქცევის შეჩერება.

„ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი 2022 წლის აგვისტოდან კრძალავს ქვანახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის რუსეთისგან შეძენას, იმპორტსა და ტრანსპორტირებას. ამჟამად, ევროკავშირი წელიწადში 8 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტს ახორციელებს;

რუსეთში რეგისტრირებული გემებისთვის იბლოკება ევროკავშირის ნავსადგურებზე წვდომა. გამონაკლისს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სურსათი, ასევე ჰუმანიტარული დახმარება და ენერგოპროდუქტები;

ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსულ და ბელარუსულ ავტოტრანსპორტს ეკრძალება სახმელეთო გადაზიდვა. გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა მედიკამენტები, სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტი, მათ შორის ხორბალი, ასევ ჰუმანიტარული სახმელეთო გადაზიდვები;

იზღუდება რეაქტიული საწვავის, ასევე კვანტური კომპიუტერების, მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკის, სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტი;

იკრძალება ისეთი პროდუქტების იმპორტი, როგორიცაა ხის მასალა, ცემენტი, ფერტილაიზერები, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლური სასმელები;

იკრძალება რუსული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა;

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „შავ სიაში“ შეიყვანოს ის კომპანიები, რომელთა პროდუქციამ ან ტექნოლოგიებმა შეასრულეს როლი რუსეთის ინტერვენციაში, ასევე ოლიგარქები, ბიზნესმენები, მაღალჩინოსნები, პროპაგანდისტები, ასევე უკვე სანქცირებული პირების ოჯახის წევრები;

ტრანზაქციები სრულად იკრძალება რუსეთის ოთხ წამყვან ბანკთან, რომლებზეც მოდის რუსეთის მთლიანი საბანკო სექტორის წილის 23%“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, ჟოზეფ ბორელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტარები უკრაინაში მიემგზავრებიან.

მსგავსი თემები