„ერთმორწმუნე ერი მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლისღვრითაა დაკავებული“ – მეუფე დიმიტრი რუსეთის პატრიარქს მიმართავს

„სამწუხაროდ, არიან მართლმადიდებელი ადამიანები, რომლებიც იხოცებიან და იტანჯებიან. ის მტარვალი, მტანჯველიც, სამწუხაროდ, მართლმადიდებელია“ – აღნიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ უკრაინასთან მიმართებაში.

როგორც მეუფემ სადღესასწაულო ქადაგების დასრულების შემდეგ განაცხადა, ათეული წელია ეს მტანჯველი, საკუთარ თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლისღვრითაა დაკავებული.

„ჩვენ საკუთარი ნებით შევედით გიორგიევსკის ტრაქტატით რუსეთის იმპერიაში, მაგრამ მალევე. ხელმოწერა ქვემეხებისა და ზარბაზნების ქვეშ მოხდა. საქართველოში ამას მოჰყვა უამრავი ამბოხი. ჩვენ გვახსოვს უამრავი მტერი – არაბები, სპარსელები, მონღოლები. გვახსოვს, როგორც ჩვენი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა: რჯულიანი და ურჯულო მტერი როგორ იავარყოფდნენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არცერთ დამპყრობელს ხელი არ უხლია ჩვენი სანუკვარი ინსტიტუციებისთვის, ეს არის: სამეფო ტახტი და საპატრიარქო… არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის გვარდიას და გენერალს, გადასცემს მას ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს, თითქოს აქ არაფერია ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ის რომ, ეს ხატი გასულ საუკუნეში შეიქმნა, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ აღნიშნული ხატი ამისთვისაა და ესეც ერთგვარი მინიშნება იყო“ – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

სასულიერო პირი რუსეთის პატრიარქს მიმართავს:

„ისმენ პატრიარქისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან, რომ რუსები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უკრაინაში იცავენო და მათ ფიცი აქვთ დადებულიო. ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც ამას მოვახდენთო. ხშირი კომუნიკაცია მაქვს უკრაინაში მღვდელმთავრებთან, იქ უმძიმესი მდგომარეობაა. გამაოგნებელია მისი განცხადება, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიანო. მივმართავ მას რა არის თქვენი ინტერესი, პატარა ბავშვების დახოცვა და ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა“, – მიმართა მეუფემ რუსეთის პატრიარქს.

მსგავსი თემები