ჩინეთი და რუსეთი მსოფლიოს სანქციებს უკანონოს უწოდებს

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში იმყოფება და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი საკითხი, რასაც ლავროვი ჩინეთთან განიხილავს ამერიკისა და დასავლეთის სანქციებია და ჩინეთს დახმარებას სთხოვს.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს დასავლეთის სანქციები და მას  უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს.

ჩინეთის საგარეო მინისტრი ვან ი ლავროვს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ანჰოიში შეხვდა.

„მინისტრებმა დეტალური გაცვალეს პოზიციები უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სპეციალური სამხედრო ოპერაციის პროგრესზე და კიევის რეჟიმთან მოლაპარაკებების პროცესის დინამიკაზე“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ რუსეთისთვის დაწესებული უკანონო ცალმხრივი სანქციების კონტრპროდუქტიული ბუნება.

ჩინური მედიის ინფორმაციით კი,  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა საერთაშორისო არასტაბილურობის გამოცდას გაუძლო და ორივე ქვეყნის მხრიდან არის ურთიერთობების განვითარების მზარდი სურვილი.

„მშვიდობისკენ ჩვენს სწრაფვას საზღვარი არ აქვს; უსაფრთხოების დაცვას საზღვარი არ აქვს, ჰეგემონიის მიმართ ჩვენს წინააღმდეგობას საზღვარი არ აქვს“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო მინისტრმა შეხვედრაზე.

მსგავსი თემები