მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას არასწორს უწოდებს და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიანიშნებს

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ გაცემულ ინფორმაციას არასწორს უწოდეს და აცხადებს, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სწორედ ეს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. საუბარია ელჩების დანიშვნის საკითხზე.

„ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს“ – აცხადებენ მთავრობის კანცელარიაში და რეალურ სურათზე თავად საუბრობენ.

„გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი, რაც სამწუხაროდ აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი დღესაც აქტუალურია და დიპლომატიურ წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას ექმნება სირთულეები, საქართველოს მთავრობა იმოქმედებს გაცხადებული სამართლებრივი რეაგირების შესაბამისად“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მთავრობის კანცელარიიდან მოგვაწოდეს.

მსგავსი თემები