მოწამლეს თუ არა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების სამი მონაწილე

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და კიდევ 2 ადამიანი, რომელიც ჩართული იყო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაში, სავარაუდოდ მოწამლეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო მედიაგვერდი “ბელინგქეთი” ავრცელებს. კერძოდ, საუბარია, 3 მარტს გამართული მოლაპარაკების სამ წევრზე, რომლებსაც ერთიდაიგივე სიმპტომები აღენიშნებოდათ.

გამოცემის კვლევით, სამივეს ქიმიური იარაღით მოწამვლას ნიშნები ჰქონდა. მათ სიმპტომები კიევში დაბრუნების შემდეგ დაეწყოთ.

როგორც საგამოძიებო ჯგუფი წერს, მოლაპარაკებაში ჩართული ჯგუფი მეორე  დღეს კიევიდან ლვოვში, შემდეგ კი – პოლონეთის გავლით სტამბოლში გაემგზავრა, რომ რუსულ მხარესთან არაფორმალური მოლაპარაკებები გაეგრძელებინა.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, მათ მიმართ  მიკროტალღური დასხივება გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩი ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი და პუტინის გარემოცვის წევრია,  რომელიც კრემლის პოლიტიკას უკრაინის მიმართ არ ეთანხმება და არაოფიციალურად, აქტიურად არის ჩართული ომის დასრულებისა და შეთანხმების მიღწევაში.

მოწამლულები უკრაინის დელეგაციის წევრები არიან.  საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აბრამოვიჩმა  მხედველობაც კი დაკარგა და რეაბილიტაცია თურქეთში გაირა. მოწამვლის შემდეგ, მას უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკითანაც კი ჰქონდა შეხვედრა, თუმცა ზელენსკის სიმპტომები არ ჰქონია.

აბრამოვიჩის გარემოცვა  აცხადებს, რომ ის ახლა თავს კარგად გრძნობს და გააგრძელებს მოლაპარაკებებს უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად ომის დასასრულებლად.

მსგავსი თემები