52-დან 50 პაციენტს ე.წ ღორის გრიპი აქვს, პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის გარდა, 52 დადასტურებული შემთხვევიდან, მხოლოდ 2 პაციენტს აღმოაჩნდა H3N2 -ის ტიპის ვირუსი, ყველა დანარჩენი  H1N1 – ის ტიპის ვირუსით, ანუ ე.წ ღორის გრიპით არის ავად. ​პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

როგორც ​ ივანე ჩხაიძიემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​გართულებების თვალსაზრისით, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა ფიქსირდება, კერძოდ, ჰოსპიტალიზებული პაციენტების 35-40%-ს ფილტვების გართულებული ანთება აქვთ. 

“​იაშვილის კლინიკა დეტალურად ფლობს ინფორმაციას პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენიდან, კერძოდ, ნოემბრის ბოლო კვირიდან დღემდე. ყოველკვირეულ სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაწვდით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პედიატრიული საყრდენი ბაზა. მონაცემები პედიატრიული დადასტურებული შემთხვევების შესახებ ეყრდნობა იაშვილის მონაცემებს. ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა ნოემბრის ბოლო კვირას დაფიქსირდა, შემთხვევების მაქსიმუმი მოუწია დეკემბრის მესამე კვირას, როდესაც კვირის განმავლობაში, გრიპის, ლაბორატორიულად დადასტურებული 19 შემთხვევა გვქონდა. ამის შემდეგ, ყოველკვირეულად სტაბილურად რჩება 10, 11, 12 პაციენტის ფარგლებში”, – აცხადებს  ივანე ჩხაიძე.

მისივე ინფორმაციით, ავადობის მაქსიმალური რაოდენობა დეკემბრის შუა პერიოდში იყო. 3 პაციენტი, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.

ჩხაიძის თქმით, სამივე პაციენტს გრიპის ვირუსით გამოწვეული სიმპტომების გარდა სხვა პათოლოგიებიც ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში ქრონიკული, ზოგან კი თანდაყოლილი დაავადებები. 

მსგავსი თემები