ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას არაგუნდურობაში ადანაშაულებს

  •  

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება, ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს რატომ დაუკავშირა.

როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომასა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მმართველ გუნდში, ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რამაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება განაპირობა. 

მისივე თქმით, ​გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი.  

“აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი. ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო – რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

მსგავსი თემები