მორიგი გამარჯვება – სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ მიიღო

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცხინვალის მხრიდან შეტანილი 370 ინდივიდუალური სარჩელი დაუშვებლად სცნო.

„ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად“, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

მინისტრის შეფასებით, ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულებულია და მას ხელახლა არავინ მიუბრუნდება.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს. სასამართლოს დღევანდელი განჩინებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, ცხინვალის  მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები ამოიწურა და ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დავა დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის – 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3000-დან 4000-მდე საჩივარს. სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგია – საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები