გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება

 როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა, რეაბილიტირებული სივრცეები ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს და სწორი ფორმით განავითაროს.

„მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენთვის საამაყო პროექტს – ეს არის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-განახლება. რამდენიმე თვის წინ გვქონდა პრეზენტაცია და საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ რამდენად ლამაზი გამოვიდა გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ. თითოეულ ძეგლს, ორნამენტს, დეტალს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და განსაკუთრებული მოწიწებით ვუფრთხილდებით, რათა კულტურული მემკვიდრეობა შევინახოთ, შევინარჩუნოთ და გალამაზებული, მოწესრიგებული გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. გუდიაშვილის მოედანი დღეს მთლიანად მოწესრიგებულია. პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც 16 სახლი დაემატა და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, თუმცა, პირველ ნაწილს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ, სჭირდება პატრონი, ვინც მოუვლის, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ერთია სილამაზე, ამ ძეგლების მნიშვნელობა, თუმცა, მას აქვს მეორე – ეკონომიკური მხარეც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროცესში დედაქალაქის მერიაც ჩაერთვება, რათა გუდიაშვილის მოედანი სწორად განვითარდეს.

„ჩვენს ბიზნესსექტორს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს სივრცეები, რომელიც მუნიციპალური საკუთარებაა, გამოიყენოს. მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების აუქციონზე გამოტანა და გასხვისება ბიზნესსექტორზე, რათა შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული, თუმცა, ამ პროცესში პარალელურად, დედაქალაქის მერია იქნება ჩართული, რათა გუდიაშვილის მოედანი იყოს სწორად განვითარებული და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება, არ იყოს მისაღები ქალაქისთვის და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორი ფორმით, რომ ეს იყოს მიზიდულობის ცენტრი, სადაც თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი, მივიდეს გუდიაშვილის მოედანზე, დაისვენოს, გაერთოს და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

მსგავსი თემები