„საშინელება იქნება შიმშილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას უახლოვდება“ – ზელენსკი იტალიელ დეპუტატებს

„საშინელება იქნება შიმშილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას უახლოვდება. უკრაინა მუდამ იყო სურსათის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი, მაგრამ როგორ შევძლებთ რუსეთის საარტილერიო დარტყმების ქვეშ თესვას?“ – ამ კითხვით, საომარ მოქმედებებში  მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პარლამენტს მიმართა და მაქსიმალური დახმარება სთხოვა.

პრეზიდენტის განცხადებით, რაც უკრაინაში ხდება, არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ ევროპის განადგურების მცდელობა.

„ნავთობისა და გაზის ექსპორტით უზარმაზარი რაოდენობის თანხა გამოიმუშავეს, რომელიც ომის მოსამზადებლად მიმართეს და არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ. მათი მიზანი ევროპაა. გავლენის მოხდენა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენი პოლიტიკის კონტროლი, თქვენი ღირებულებების განადგურება, არა მხოლოდ ჩვენის. უკრაინა რუსული არმიისთვის არის კარიბჭე ევროპაში. მათ შემოჭრა უნდათ, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა გაუვიდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ იტალიის პარლამენტში ჩართვისას.

მსგავსი თემები