“ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა, ესაა ალყაში მოქცეული ხალხი“ – ანდრეი შევჩენკო

უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო მსოფლიოში მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნის მედიასთან საკუთარ სამშობლოში რუსეთის აგრესიით გამოწვეულ შემზარავ ტრაგედიაზე საუბრობს.

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდას ინტერვიუ ამჯერად „ლივერპულის“ ლეგენდამ, ჯეიმი რედნაპმა DailyMail-ისთვის ჩამოართვა.

უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ რუსებთან მეგობრობაზე უკვე ლაპარაკიც აღარ შეიძლება.

„თავდაპირველად ვამბობდი, რომ არ მჯეროდა, ეს თუ შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენ რუსეთთან დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა და არ მგონია, რომ ოდესმე ძველებური ურთიერთობა აღდგება. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ბევრი რუსია, ვისაც ომის შეჩერება სურს. ჩემი მესიჯი ყოველთვის ერთია: „გადი გარეთ“. ვიცი, რომ ადვილი არ არის. რუსეთი არ არის უსაფრთხო, მაგრამ ომის შეჩერების ერთადერთი გზა სიმართლის თქმაა. რუსეთში უმეტესობამ კი სიმართლე არ იცის. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. რუსეთის პრეზიდენტმა – მისი სახელის ხსენებაც არ მინდა – თქვა, რომ ეს იყო „სპეციალური ოპერაცია“. ეს არ არის სპეცოპერაცია. ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა. ესაა ალყაში მოქცეული ხალხი – ესაა დაბომბილი ქალაქები“, – განაცხადა შევჩენკომ DailyMail-სთან ინტერვიუში.

მსგავსი თემები