„უკანონოდ იქნეს ცნობილი აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები“ – უმაღლესმა საბჭომ დადგენილება მიიღო  

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევის მორიგ გამოვლინებად იქცა 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები“ – ვკითხულობთ დადგენილებაში, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიიღო.

დადგენილების მიხედვით,  უკანონოდ უნდა იქნეს ცნობილი ე.წ. არჩევნები.

„მსგავსი „არჩევნების“ მიზანი იყო და არის სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობა. ამ რეჟიმს კი, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით, ჩადენილი აქვს  უმძიმესი დანაშაულები, მათ შორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, გენოციდი. ეს დანაშაულები, ჰუმანიტარული სამართლის სხვა უხეში დარღვევები დადასტურებული და დაგმობილია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის უშიშროებისა და თანამშომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ ბუდაპეშტის (1994), ლისაბონის (1996) და სტამბოლის (1999) სამიტებზე. ასევე აღსანიშნავია გაეროს გენერალური ასამბლეის 2008 წლის 29 მაისის და შემდგომი წლების ანალოგიური რეზოლუციები, რომლებშიც ასევე დაფიქსირებულია აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ფაქტი.

ამა წლის 12 მარტის „არჩევნები“ მიმდინარეობდა უცხოური ოკუპაციის პირობებში, როდესაც ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე, როგორც ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა (2020 წლის 21 იანვარი), ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. გარდა ამისა, მასში მონაწილეობა არ მიუღია აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის თითქმის სამ მეოთხედს, ფეხქვეშ გაითელა საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართალი. ყოველივე ამის გამო, ცივილიზებული სამყარო, მსოფლიო თანამეგობრობა, რომელიც მხარს უჭერს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“, რაც მკაფიოდაა დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული სახელმწიფოების დოკუმენტებსა თუ  განცხადებებში.

ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის  უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციას, ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ  საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. უკანონოდ იქნეს ცნობილი 2022 წლის 12 მარტს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“ – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

 

მსგავსი თემები