„მოწინააღმდეგე იგივეა, ხოლო საქართველო 10-ჯერ ნაკლები ძალით იცავდა თავს, ვიდრე დღეს იგივე მტრის წინააღმდეგ უკრაინა“ – დიმიტრი ხუნდაძე

ფუჭად გასაწირი სიცოცხლე ქვეყანას არ აქვს, მაგრამ არავინ იფიქროს, თუკი ეს ქვეყანას დასჭირდება, რომელიმე სახლში დარჩება“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

„მძიმეა უკრაინაში მდგომარეობა, იმდენად მძიმე, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის 100-მდე ბავშვია დაღუპული და კიდევ რამდენი დაიღუპება, არავინ იცის. მართალია, უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ უფრო მეტი სჭირდება. როგორც ჩანს, „შეძახილები“ და სანქციები არ არის საკმარისი. საქართველომ ეს ყველაზე უკეთ იცის, რადგან 2008 წელს ძალთა ბალანსი კიდევ უფრო დიდი სხვაობით იყო, ვიდრე დღეს უკრაინაში. თანადგომაც იმაზე ნაკლები იყო საერთაშორისო თანამეგობრობიდან, ვიდრე დღეს არის უკრაინაში. მოწინააღმდეგე იგივეა, ხოლო საქართველო 10-ჯერ ნაკლები ძალით იცავდა თავს, ვიდრე დღეს იგივე მტრის წინააღმდეგ უკრაინა.

სწორედ ამიტომ ფრთხილობს ხელისუფლება, რომ მწვავე დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყანა ისევ უშედეგო სისხლისღვრაში არ შეიყვანოს. ამ სიფრთხილის ზღვარზე სიარული შიგნიდან უფრო რთულად ჩანს, ვიდრე გარედან. ზოგჯერ გარედან ემოცია ჭამს გონივრულობას თუმცა, ხშირად მეც მგონია, რომ რაღაცას ვაკლებთ და ბევრჯერ ვაჭარბებთ კიდეც. დღეს ყველაზე დიდი გმირობა იმ ბეწვის ხიდზე გავლაა, რომელზედაც საქართველო დგას. ბრძოლის ველზე გმირული ისტორიების სიმწირეს არასოდეს განვიცდიდით, გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილებების სიმწირეს კი – ხშირად. ბუნებრივია, სიფრთხილე ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური მიზანია. ერთი შეცდომაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, მაგრამ არც ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იქცეს სიფრთხილის მსხვერპლად. ფუჭად გასაწირი სიცოცხლე ქვეყანას არა აქვს, მაგრამ არავინ იფიქროს, თუკი ეს ქვეყანას დასჭირდება, რომელიმე სახლში დარჩება. ყველამ დავინახეთ, რომ „ვინმეს“ გულისთვის ხალხი ქუჩაში არ გამოდის, მაგრამ თუ ქვეყანას დასჭირდა, დაუძახებლადაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება. ეს ქვეყანა სწორედ ამ წესით მოვიდა აქამდე და სწორედ ამის იმედად გააგრძელებს ცხოვრებას“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე.

დეპუტატმა „კონსერვატიულ პარტიასა“ და „ალტ-ინფოზეც ისაუბრა,“  აღნიშნა, რომ აშკარაა რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდა და კითხვით მიმართა:

არ შემიძლია არ შევეხო ახლადდაფუძნებული „კონსერვატიული პარტიისა“ და მისი ტელევიზიის „ალტ-ინფოს“ ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს. ერთი კითხვა მაქვს მათთან: ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში აღმოჩნდეს, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ ამ ოფისებში დარჩებით? საქართველოში სიტყვის თავისუფლებაც და პარტიული არჩევანიც ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ესეიგი პრობლემაა. დღეს ერთობა, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ქვეყანას. ერთმანეთს თუ დავაზიანებთ, მტერი გაიმარჯვებს. თუ სადმე სიფრთხილეა საჭირო – უნდა ვიფრთხილოთ, მაგრამ თუ მეტია გასაკეთებელი და მგონია რომ ეს ასეა, არ უნდა დავაკლოთ“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასაც შეეხო.

„სწორედ კონკრეტულ გზებზე საუბრის მოსმენა მსურდა გუშინ პრეზიდენტისგან. მსურდა მიმეღო მეტი ინფორმაცია უცხოეთიდან, მსურდა გამეგო, როგორია მსგავს სიტუაციებში მსოფლიო გამოცდილება და კიდევ ბევრი სხვა. არავის ეგონოს, რომ შენიშვნას ვთაკილობ. მაგრამ, რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც ხელისუფლებას კარს მომდგარ აგრესორთან და შიდა მტერთან ერთდროულად უწევს ბრძოლა? ეს იყო ყველაზე მთავარი კითხვა და ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ გუშინ პასუხი. გუშინ პირდაპირ უთხრა პრეზიდენტმა ოპოზიციას, რომ დაუშვებელია საკუთარი ქვეყნის და მისი ხელისუფლების „საგარეო ლანძღვით“ ზრუნავდეთ ქვეყანაზე, მაგრამ, გაიგეს მათ ეს? ფაქტია, გუშინ ერთ-ერთ პარტიულ ტელევიზიაში „შემსრულებლის“ მომღიმარი სახით იგივე ხდებოდა“ – აღნიშნა მან.

დიმიტრი ხუნდაძემ დეპუტატებს შეახსენა, რომ უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გრძელდება და მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, სიტყვის ნაცვლად საქმით დაამტკიცონ თანადგომა, რადგან მათი მონაწილეობა ქველმოქმედებაში მწირია.

ამ საქველმოქმედო აქციის ორგანიზებისთვის დიმიტრი ხუნდაძეს და დავით სერგეენკოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, პარლამენტის წევრები და თანამშრომლები აკეთებენ პირად შემოწირულობებეს, რითაც ყიდულობენ უკრაინელი ხალხისთვის სამედიცინო საშუალებებს.

 

მსგავსი თემები