„თუ პრეზიდენტი გულისხმობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს და ეს ღიად თქვას“ – ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივიან

მმართველ გუნდსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ღიად გამოიკვეთა. პარლამენტში გუშინ გაკეთებული მკაცრი კრიტიკისა და განცხადებების გამო, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს თითს უქნევს და მას საკოსნტიტუციო სასამართლოში უჩივის.

მმართველი გუნდი პარლამენტში პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს  „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს. საუბარია იმ პუნქტებზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ცოდვებზე საუბრობს.

„გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა – „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავდა უღირს მოქმედებაში… თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

მმართველი გუნდი პრეზიდენტს ურჩევს კონსტიტუციაში ჩაიხედოს და საფრთხის შემცველ განცხადებებს ნუ აკეთებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული. ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

„ხელისუფლება სცოდავს“ – საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას საპარლამენტო ტრიბუნიდან აკრიტიკებს

მსგავსი თემები