კონსტიტუციის დარღვევისთვის მმართველი გუნდი პრეზიდენტს „დასჯის“

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭო შეიკრიბა და იმსჯელა, სწორედ პრეზიდენტი იყო.

პრეზიდენტმა „კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია“ – აცხადებენ მმართველ გუნდში.

„კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია’ – ასეთია მმართველი გუნდის განცხადება.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტს გაუფრთხილდნენ და ეს ფაქტი არ გაასაჯაროვეს.

„ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროებთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროვა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა“, – ვკითხულობთ ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები