„არც ერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა“ – პრეზიდენტი მთავრობას და უმრავლესობას აკრიტიკებს  

„ორი კვირის წინ, ხელი მოვაწერე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. მოვითხოვე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება. მივმართე პარლამენტს, რათა ჩემი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს დაენიშნა ჩემი გამოსვლა, არც ერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა.  არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო. ბოლოს, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მისივე თქმით, მან ყველა საერთაშორისო ვიზიტი გააუქმა და ასეთ დროს, მსგავსი მიდგომები დამაზიანებელია.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს, საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი. მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს. მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში,  მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები