ევროპელი ლიდერები უკრაინის უკრაინის ატომური ობიექტების დაუყოვნებლივ უსაფრთხოებას ითხოვენ

„ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას“ – ეს გახლავთ ამონარიდი ვერსალში სახელმწიფო მეთაურების სამიტიდან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხება.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ეს უკრაინის მოსახლეობას ენით აღუწერელ ტანჯვას აყენებს.

„რუსეთს და მის თანამზრახველ ბელარუსს ამ აგრესიული ომისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმებისთვის. ამ მხრივ მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ. მოვუწოდებთ, რომ უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება და უვნებლობა დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრული პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

მსგავსი თემები