ბექა ნაცვლიშვილი შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობიდან გავიდეს  

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს.

ბექა ნაცვლიშვილმა თავის პარლამენტარ კოლეგებს მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად გამოთქვან.

მისივე თქმით, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელისუფლება ეფუძნება სისტემას, რომელსაც თავისი მოსამართლეები ჰყავს, შესაბამისად, ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ გამწესებულნი სასამართლოს დაბალ დონეზეც კი​​.

“ჩვენ თუ ვაღიარებთ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ხასიათს, მაშინ, ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ გამწესებულნი სასამართლოს დაბალ დონეზეც კი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ე.ი. ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლება იყო ერთ-ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც არჩევნების შედეგად უბრალოდ დამარცხდა”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ამ დაპირისპირება უკვე გარეთ გავიდა, საკითხი დგას შემდეგნაირად, აღიარებს მმართველი გუნდი იმას, რისთვისაც 2012 წელს იბრძოლეს თუ უარყოფენ.

“მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა, მე საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ. ე.ი. ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავება ამ მნიშვნელოვან საკითხზე”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანმა სიამ, “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება გამოიწვია.

​უვადო ​მოსამართლეობის კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

მსგავსი თემები