27-28 მაისს თბილისი დიასპორის ფორუმს უმასპინძლებს  

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან ას წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 300-მდე დიასპორის წარმომადგენელი ეწვევა. 27-28 მაისს თბილისში დიასპორის ფორუმი გაიმართება.

26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებით განათდება სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქის ღირშესანიშნაობები, იგეგმება საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა ვილნიუსში.

როგორც “მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ას წლისთავთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში გაიხსნება ქართული კუთხეები. მოეწყობა ისტორიული ფოტოგამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში, საქართველოს შესახებ მასშტაბური კონფერენციები ჩატარდება. აშშ-ში, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ქართველი ხელოვანების და შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები. საფრანგეთში, ლევილის მამულში დაფუძნდება ლევილის ქართული აკადემია. აგრეთვე, საქართველოს დაუბრუნდება ლევილის მამულის უკანასკნელი არქივი, ხოლო საქართველოს ეროვნულ არქივში შეიქმნება მამია და ქრისტიანე ბერიშვილების ფონდი.

26 მაისს ევროპის საბჭოში გაიმართება სახელოვანი ქართველი მეცნიერის მიხეილ მუსხელისადმი (მიშელ მუსხელი 1903-1964) მიძღვნილი ღონისძიება.

მსგავსი თემები