ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ, შენობის მეპატრონე კი პასუხისმგებლობას გაურბის

თბილისში, ერწოს ქუჩაზე ორი ავარიული შენობა ჩამოინგრა. ორივე დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილას მდებარეობს. ადგილობრივებს გაუმართლათ, რომ ქარიშხალი იყო და გარეთ არ იყვნენ, რომ ყოფილიყვნენ, მსხვერპლი აუცილებლად იქნებოდა.

ადამიანები არა, თუმცა, ნანგრევებმა ძვირადღირებული მანქანა გაჭყლიტა, თუმცა, ეს შენობის მეპატრონისთვის არაფერს ნიშნავს.

ერწოს 6 და 11 ნომრებში რომ ორივე შენობა ავარიული იყო და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამონგრეულიყო და უბედურება მომხდარიყო, კარგად იცოდა სააქციო საზოგადოება „საქტელეფონმშენმა“, თუმცა, იცოდა და მორჩა. არც არაფერი გაუკეთებია, არც ის ელემენტარული, რომ პერიმეტრი ან შემოეფარგლა, ან შეეფუთა, ან გამაფრთხილებელი ნიშანი  მაინც დაეკიდა, რომ გავლა საშიშია. არა, არაფრი გაუკეთებია. უფრო მეტიც, დაზარალებულის მიმართ პასუხისმგებლობასაც არ აღიარებს და სასამართლოსკენ მიუთითებს.

მედიაცენტრი მთავარი“  შენობის მეპატრონეს, ერთ-ერთ დირექტორს, ბიძინა ხარაშვილს ესაუბრა.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო ბიძინა, შენობის ნახევარი ჩამოინგრა, ნახევარი კი დარჩა, რომელიც ისევ საშიშია. ჩამონგრეული ნარჩენები კი ისევ ქუჩაში ყრია. რას აპირებთ?   

ბიძინა ხარაშვილი: უნდა მივიღოთ ზომები, მოვიყვანთ ექსპერტს. ეს დასაშლელია და უნდა დაიშალოს. ადრე გვქონდა დაშლის ნებართვა, მაგრამ მერე აქციონერებმა არ მოგვცეს ნებართვა, რომ დაშლილიყო. მილიონჯერ მქონდა ნათქვამი რუ აჩერებთ იქ მანქანებს.

“მედიაცენტრი მთავარი”: შენობის არც ერთ პერიმეტრზე არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, რომ გავლა საშიშია, არადა, ხალხი მოძრაობს.  თუ იცოდით რომ ინგრეოდა, საშიში იყო, რატომ არ დაკიდეთ სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშანი? ქუჩაა სადაც უამრავი ხალხი მოძრაობს. თქვენ ამბობთ, რომ მთელი დღე ქუჩაში იდექით და ხალხს აფრთხილებდით, რომ მანქანა არ გაეჩერებინათ? ეს ხომ წარმოუდგენელია?

ბიძინა ხარაშვილი: მივიღებთ რამე გადაწყვეტილებას, რომ დემონტაჟის უფლება მოგვცენ.

„მედიცენტრი მთავარი:“ იქ დღესაც საფრთხეა, ხალხი მოძრაობს, შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნაწილი დარჩენილია…

ბიძინა ხარაშვილი: საფრთხე რომ არის, ესეიგი დროზეა მისახედი. მე შვებულებაში ვარ, ფეხი მაქვს მოტეხილი, ველაპარაკე მეორე დირექტორს, რომელიც წასულია ქუთაისში, ჩამოვა და მიხედავს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ დაზარალებულს რას უპირებთ? იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას?

ბიძინა ხარაშვილი: სასამართლოს მიმართოს. მე როგორ ვაღიარო და ავიღო პასუხოსმგებლობა, უნდა მიმართოს სასამართლოს. სასამართლოში იდავოს. ჩვენი „ზაკაზი“ ხომ არ იყო, რო  მაგისთვის მანქანა დაგვემტვრია არა? მოხდა შემთხვევა დაინგრა შენობა და….

P.S.  ასეთია ბატონი დირექტორის „პასუხისმგებლიანი“ პასუხი. მსხვერპლი რომ ყოფილიყო და ნანგრევებში ვინმე გარდაცვლილიყო, მანქანის მეპატრონისთვის ზარალის ანაზღაურება არაფერი იქნებოდა იმ სს პასუხისმგებლობასთან შედარებით, რაც მას მოუწევდა.

 

 

 

მსგავსი თემები