საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხვალ გააკეთებს

უკრაინის შემდეგ, საქართველომაც მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებულად მიღებაზე განაცხადი გააკეთოს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განაცხადი ხვალ ოფიციალურად გაჟღერდება.

„ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენს ამბიციურ საპროგრამო გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე, დღეს აქვს შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო. ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის.

ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.

მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები