“მცხეთის სამედიცინო ცენტრში” კარანტინი გამოცხადდა – დავით ლოლაძე​ გრიპის ვირუსზე

​მოსახლეობაში გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი 31 დეკემბრიდან გამოცხადდა. ამ დროისთვის მწვავე რესპირატორული გამოვლინებების გამო 50 ადამიანი მკურნალობს, აქედან 3 არის მართვით სუნთქვაზე, თუმცა, ლაბორატორიულად H1N1, ე.წ ღორის გრიპი, არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.

როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვიანობიდან გამომდინარე ვითარება რთულია, ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები არის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები.

მისივე თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი ვარაუდობდნენ, რომ კარანტინი 8 იანვრამდე გაგრძელდებოდა, თუმცა, მიმართვიანობის გათვალისწინებით, კარანტინი კიდევ ერთ კვირას გასტანს. მაქსიმალურად შეზღუდულია კლინიკაში გადაადგილება.

“ვითარება რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით პედიატრიული ასაკის პაციენტებს შორის. ეს არ არის ისეთი რამ, რაც მსოფლიოში არ მომხდარა, ან საქართველოში აქამდე არ ყოფილა. სეზონურად გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები მატულობს, მომართვიანობა დაახლოებით იგივეა, რაც წინა წლებში იყო, იმ განსხვავებით, რომ ბოლო ხანებში გაცილებით მეტი ადამიანი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს, იყო პერიოდები, როდესაც ადამიანები საერთოდ არ მიმართავდნენ ექიმს და მათ გარდაცვალებას ვერც ვიგებდით, სამწუხაროდ”, – განაცხადა დავით ლოლაძემ “მთავარში“.

მისივე განმარტებით, კარანტინის დროს კლინიკა ძირითადად ემსახურება მსგავსი ჩივილების მქონე პაციენტებს, არ კეთდება გეგმიური ოპერაციები, კლინიკას შეჩერებული აქვს თავისი ჩვეული ცხოვრების რიტმი და ემსახურება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესპირატორული გამოვლინებები. თუმცა, მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი კლინიკით პრობლემის დაძლევა შეუძლებელია და სასურველია სხვა კლინიკებიც გადავიდნენ კარანტინის მდგომარეობაზე.

მსგავსი თემები