სოციალურ ქსელში ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ილია II

​საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, სოციალური ქსელისა და მასმედიის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ ხშირად, სიტყვის თავისუფლებით ადამიანები ბოროტად სარგებლობენ, არ ერიდებიან სხვის დამცირებას და შეურაცხყოფას.

როგორც ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში აღნიშნა, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედია და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ,  სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, – ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს.

“ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვაზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.
სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი. არც ერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: “ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს” (მათე 5,22).”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მან მრევლს მოუწოდა აერიდონ ბოროტ და ბილწ საქმეს და მეგობრობისა, სიყვარულისა და თანადგომის უნარი ადამიანის ბუნებიდან არ გაქრეს. არსებული რეალობა მიიღონ, როგორც მათი რწმენის დიდი გამოცდა, უარი თქვან სამაგიეროს გადახდაზე, არ დაკარგონ ღირსება.

“აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს. არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადენილ ავ საქმეთა გამო, – სამაგიეროს გადახდას; ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს”, – განაცხადა ილია მეორემ.

 

მსგავსი თემები