15 წლის შემდეგ, ისევ ენგურის ხიდზე ვდგავართ, ეს დიდი ტრაგედიაა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა და შობა – ახალი წელი მიულოცა.

პრეზიდენტმა შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ, გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ, გაესაუბრა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მდინარე ენგურის ხიდზე 15 წლიანი შუალედით, მეორედ იმყოფება. პირველად ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ახლა კი პრეზიდენტის რანგში.

” 15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ჰყოფს. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მინდა დღეს, ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში და ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს. ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, მართლაც გახდეს გამაერთიანებელი ხიდი”, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები