“2018 წლის 6 თვის მონაცემებით, შობადობის კლება კვლავ დაფიქსირდა“ – დიმიტრი ხუნდაძე

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი დიმიტრი ხუნდაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საშობაო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება საქართველოში შემქნილ დემოგრაფიულ მდგომარეობას მიეძღვნა. უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ მოწვეულ სტუმრებს ის დემოგრაფიული ინიციატივები გააცნო, რასაც ბოლო 5 წლის მანძილზე უნივერსიტეტში ახორციელებენ.

საშობაო ღონისძიებაც სწორედ იმ ბავშვებთან ერთად გაიმართა, რომლებიც უნივერსიტეტიდან ფულად დახმარებას იღებენ. დიმიტრი ხუნდაძემ უნივერსიტეტის პროფესორებს და მოწვეულ სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს, ამ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქისგან და ორგანიზაციისგან გაწეული ღვაწლი.

დეპუტატმა საზოგადოებას ბოლო სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო: „ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში შობადობა თითქმის 10 000 ერთეულით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე დემოგრაფიულ პოლიტიკას თანმიმდევრულად ვახორციელებთ, პრობლემა იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ხელისუფლება ამას ვერ მოაგვარებს. დღეს შობადობის წახალისებისთვის გაწეული ქველმოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში 6 წელია თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან. ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტმა დააფინანსა და 5 წიგნად გამოსცა ყველა ის დემოგრაფიული კვლევა, რაც საჭირო იყო სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებისთვის, რომელიც პარლამენტმა 2016 წელს მიიღო,“ – აღნიშნა ხუნდაძემ.

ახალი ინიციატივით, მიმდინარე წლის ბოლომდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყრება საბავშვო ბაღის მშენებლობას. ბაღი უნივერსიტეტის ხარჯზე, სრულიად უფასოდ მოემსახურება უნივერსიტეტის თანაშრომლებისა და სტუდენტების შვილებს. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, საქართველოს გენოფონდის გადარჩენა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, თითოეული მოქალაქის საზრუნავია. მან შობა-ახალი წელი სრულიად საქართველოს მიულოცა და ყველაზე მთავარი – ბევრი ახალი სიცოცხლე უსურვა.

მსგავსი თემები