„ვართ ერთიანნი ერთმანეთის დასაცავად“ – ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილს დამატებით ძალებს აგზავნის

ნატოს გენერალურმა მდივანმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს გაგზავნის.

„ვგმობთ რუსეთის შემაშფოთებელ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაპროვოცირებულია. ჩვენი ფიქრები გარდაცვლილებთან, დაშავებულებთან და უკრაინის მოსახლეობასთანაა. ჩვენ, ასევე, ვგმობთ ბელარუსის ქმედებას ამ თავდასხმის ხელშეწყობისთვის.

ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის, მათი ლეგიტიმური, დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით. ჩვენ ყოველთვის სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ტერიტორიული წყლების ჩათვლით.

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გამოიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან და მისი შემოგარენიდან, სრულად სცეს პატივი ჰუმანიტარულ სამართალს და ხელი არ შეუშალოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.

მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას ძალადობასა და აგრესიაზე. რუსეთის ლიდერებმა უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა მათი ქმედებების შედეგებზე. რუსეთი გადაიხდის ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს. ნატო გააგრძელებს კოორდინირებას, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან.

ამ კრიზისის განმავლობაში ნატომ, მოკავშირეებმა და ჩვენმა პარტნიორებმა გაიღეს მაქსიმალური ძალისხმევა რუსეთთან დიპლომატიისა და დიალოგის გამოსაყენებლად, მათ შორის, უმაღლეს დონეზე და გააკეთეს ბევრი არსებითი შეთავაზება ევროატლანტიკურ რეგიონში ყველა ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ მუდმივად ვიწვევდით რუსეთს მოლაპარაკებებზე ნატო-რუსეთის საბჭოში. რუსეთს ჯერ კიდევ არ უპასუხია. რუსეთი და მხოლოდ რუსეთია, ვინც ესკალაციის გზა აირჩია.

ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზაობა რეაგირება იქონიონ ყველა ვითარებაზე.

დღეს ჩვენ ასევე გავმართეთ კონსულტაციები ნატოს მეოთხე მუხლის შესაბამისად. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველა მოკავშირის დასაცავად ჩვენი თავდაცვითი გეგმის შესაბამისად, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები ალიანსის მასშტაბით შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. ჩვენ ერთიანი ვართ ერთმანეთის დასაცავად“, – ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები