სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები გახშირდა – ზაქარია ქუცნაშვილი მკვლელობის ფაქტზე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თიანეთში, 3 იანვარს მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც სერიოზული პრობლემაა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ქვეყნის მთიან რეგიონში – თიანეთში, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ ნაწილში, ძალიან გახშირდა სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები, რაც სერიოზული პრობლემაა.

“როცა გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი ალკოჰოლური თრობის პროპაგანდას, ბევრი იუმორით ხვდებოდა, რომ კაპოტზე ქეიფის პროპაგანდა ჩვეულებრივი, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული. როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის თაროები სავსეა ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდა. მსგავსი რამ ევროპასა და ამერიკაში აკრძალულია. ჩვენთან ხდება უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდა. დარწმუნებული ვარ, რომ არა სიმთვრალე, თიანეთში ორმაგი მკვლელობა არ მოხდებოდა “, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მთავარში“.

აღსანიშნავია, რომ დაბა თიანეთში მკვლელობა გუშინ, 3 იანვარს მოხდა. შედეგად, მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები